კავკასიის უნივერსიტეტსა და ტულუზას ბიზნესის სკოლას, საფრანგეთი, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ტულუზას ბიზნესის სკოლა 1903 წელს დაარსდა და მოწინავე ბიზნესის სკოლაა საფრანგეთში, რომელიც 5 500-ზე მეტ სტუდენტს მენეჯმენტის მიმართულებით უახლესი ბიზნესის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლის პროგრამებს სთავაზობს. ტულუზას ბიზნესის სკოლის მთავარი მიზანია მოამზადოს კვალიფიციური მენეჯერები ანალიტიკური უნარებით, პროფესიული და ინოვაციური სწავლების მეთოდით, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ წვლილი შეიტანონ მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.
ტულუზას ბიზნესის სკოლა ორგანიზებას უწევს ბიზნეს ფორუმებსა და პროფესიულ კონფერენციებს, რათა სტუდენტებს მისცეს წვდომა ფართო პროფესიულ ქსელზე. ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 52 000 ათასს შეადგენს, რომელთაც იხილავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან და წამყვან პოზიციებზე კერძო თუ საჯარო სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ტულუზას ბიზნესის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და ფაკულტეტის კვლევითი საქმიანობა ფლობს სამმაგ აკრედიტაციას (AACSB, AMBA, EQUIS), რომელიც მთელს მსოფლიოში უნივერსიტეტებისა და კომპანიების მიერ არის აღიარებული.
კავკასიის უნივერსიტეტისა და ტულუზას ბიზნესის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ამ ორი ინსტიტუტის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სემესტრული გაცვლითი პროგრამების, მოკლევადიანი პროგრამების, ერთობლივი სემინარების/კონფერენციების თუ კვლევითი ნაშრომების შემუშავებას და დანერგვას.