ტრენინგი - „როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი?“

20 თებერვალი 2022

 

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის თათია ჩოკორაიას ტრენინგი გაიმართა, თემაზე - „როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი?“

 

ღონისძიება, პლაგიატის პრევენციის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელიც 19 თებერვალს აღინიშნება.

 

სპიკერმა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის შესახებ ისაუბრა. ასევე, განიხილა ისეთი საკითხები, როგორიც არის: ნაშრომის სათაურის შექმნის პრინციპები, სამეცნიერო ნააზრევის ციტირებისა და პარაფრაზირების წესები, პლაგიატის სახეები და მათი თავიდან არიდების საშუალებები, პროგრამა „ტურნიტინის“ (Turnitin) სპეციფიკა და მსგავსების პროცენტი.

 

ტრენინგს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს, ტრენერმა განიხილა პრაქტიკული ქეისები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესრულებინათ სავარჯიშოები და პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. 

 

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტები, ბიბლიოთეკასა და დერეფნებში განთავსებულ ციტატებს გაეცნენ და პლაგიატის შესახებ თავიანთი აზრი მოლბერტებზე დააფიქსირეს.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

 

ღონისძიება ხორციელდება ერაზმუს+ პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.