CSG-ის სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია

22 ივნისი 2021

 

29 მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო სასწავლო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში, გაიმართა სტუდენტთა მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია. საქართველოს მასშტაბით შეირჩა 18 სამოქალაქო ჩართულობის პროექტი.

 

სტუდენტთა პროექტების თემატიკა მრავალფეროვანი, რეგიონულ პრობლემებზე ორიენტირებული და აქტუალური იყო. სტუდენტებმა წარმოადგინეს პროექტები საარჩევნო უფლებების, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობის, თვითადვოკატირების გაძლიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შშმ პირთათვის გარემოს ადაპტაციის, კონსტიტუციის შესახებ ცნობადობის ამაღლების, ცხოველთა დაცვისა და სხვა მიმართულებით წარმოებული კამპანიების შესახებ. თითოეული პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ პროექტის ავტორებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს

 

სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრებითა და მოწვეული სტუმრებით. კომისიამ გამოავლინა 5 გამარჯვებული, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების: ანანო თევზაძის, ანა რაზმაძისა და მარი იმერლიშვილის პროექტი ,,ქართველი ქალი მწერლები სასკოლო პროგრამაში’’. პრიზი ასევე გადაეცა სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის - „დემოკრატია და მოქალაქეობა“  ლექტორს, ასოცირებულ პროფესორ ქეთევან მუხიგულს.