გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორმა ორგანიზაციამ - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტთან. პროექტი ითვალისწინებდა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში ახალი სამოქალაქო განათლების საგნის „მოქალაქეობა და დემოკრატია" ჩართვას. პროფესორ-მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგები, გამოიცა სახელმძღვანელო, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცათ მემორანდუმის ხელმომწერ უნივერსიტეტებს.
კავკასიის უნივერსიტეტიდან საპილოტე პროგრამაში ჩართული იყო კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, სადაც ეს საგანი პირველკურსელებს შესთავაზეს.
„დემოკრატია და მოქალაქეობა" ითვალისწინებს დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ სტუდენტის ცოდნის ფორმირებას, უნარების განვითარებასა და განწყობილებების ჩამოყალიბებას. კურსის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სტუდენტური პროექტების შექმნა. ექსპერტთა შეფასებით, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები დასახელდა საუკეთესო პროექტებად.