კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: როგორ ვიაზროვნოთ ინოვაციურად ტექნოლოგიების ეპოქაში. შეხვედრას უძღვებოდა მახო ქიტუაშვილი - გადაზიდვების ციფრული პლატფორმა “OMOFOX”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი და „შარქ თენქ საქართველო“- ს გამარჯვებული.
“OMOFOX” გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვის B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) პლატფორმაა, რომელიც შუამავალია ბიზნესის სხვადასხვა სექტორსა და გადამზიდ კომპანიებს შორის. პლატფორმაზე, მსურველს შეუძლია ტვირთის გადაზიდვის საფასურის გაგება, მისაღები ღირებულების შემთხვევაში, გადაზიდვის დაჯავშნა, გადაზიდვის პროცესისთვის თვალის დევნება (თრექინგი) და ჩართულ მხარეებთან ერთი პლატფორმის მეშვეობით კავშირის შესაძლებლობა.
შეხვედრა გაიმართა გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. მისი მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.