კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (Cracow University of Economics, Poland) წარმომადგენლებს, ასოცირებულ პროფესორს, იუსტინა დაბროვსკას (Justyna Dabrowska) საერთაშორისოო პროგრამების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს, სილვია რუტკოვსკას (Sylwia Rutkowska) და საერთაშორისო პროგრამების ოფისის კოორდინატორს, ჯოანა იაკოვსკას (Joanna Jakowska), უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ კავკასიის ბიზნესის, ტურიზმის, არქიტექტურისა და დიზაინის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ საზაფხულო პროგრამაში: SPINAKER- Heritage, Art and Business Intensive Programme. შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ მხარეებზე. SPINAKER საზაფხულო პროგრამა არის სრულად დაფინანსებული და მოიცავს როგორც ონლაინ კურსებს, ასევე ვიზიტს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში.

 

კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია პოლონეთში. აღსანიშნავია, რომ კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტი არის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო საზოგადოების (NIBES) წევრი. გარდა ამისა, უკვე მრავალი წელია უნივერსიტეტებს შორის არსებობს პარტნიორობა ერაზმუს+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც, არაერთი მობილობა დაიგეგმა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.