კვლევითი პროექტი - მშობლების ვაქცინებისადმი დამოკიდებულება

24 დეკემბერი 2025

მედიცინის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც დაეთმო საერთაშორისო კვლევით პროექტს - მშობლების ვაქცინებისადმი დამოკიდებულების შესწავლის შესახებ, საქართველოში და ინდოეთში. ლექციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პროექტის მიზნები, მეთოდოლოგია და უკვე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

 

შეხვედრაზე განიხილეს კვლევა, რომელიც PACV (Parent Attitudes about Childhood Vaccines) კითხვარის გამოყენებით იკვლევს მშობლების დამოკიდებულებებს ვაქცინაციის მიმართ. დღემდე კვლევაში 3,500-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

 

პროექტი აანალიზებს, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინების აღქმაზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დემოგრაფიული მახასიათებლები, კულტურული კონტექსტი, განათლების დონე, რელიგიურობა, მეცნიერებისადმი ნდობა და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა ორ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ქვეყანაში.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე. კვლევა მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ რეალურ საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში, განივითარონ კულტურათაშორისი მონაცემთა ანალიზის უნარები და მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნაში, რომელიც ბავშვთა იმუნიზაციის პოლიტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.