ტურიზმის სკოლის სტუდენტების გასვლითი ლექცია ჭიათურასა და ქუთაისში

11 მაისი 2026

9–10 მაისს, ტურიზმის სკოლის სტუდენტები იმყოფებოდნენ სათავგადასავლო-შემეცნებით გასვლით ტურზე იმერეთში.

 

ტურის ფარგლებში, სტუდენტები ესტუმრნენ ჩაი „გეზრულის“ მეურნეობას, სადაც დაათვალიერეს ჩაის პლანტაციები და საწარმო. მონაწილეებმა დააგემოვნეს ადგილობრივი ჩაის სხვადასხვა სახეობა და გაეცნენ საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას.

 

შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა სვერის სათავგადასავლო ბანაკში, სადაც ორი სათავგადასავლო მარშრუტი გაიარეს და მოინახულეს კლდეში ნაკვეთი მონასტერი. საღამოს, ბანაკში, არაფორმალურ გარემოში, ბანაკის დამფუძნებელმა სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა და საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

 

ტურის მეორე დღეს სტუდენტები ეწვივნენ კაცხის სვეტს, რის შემდეგაც სოფელ გელათში მდებარე აგრომეურნეობა „ქორენა“ მოინახულეს. აქ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ იმერული ხაჭაპურისა და ნეშოიანი მჭადის მომზადების პროცესში.

 

სტუდენტები ასევე გაეცნენ ობიექტის შექმნის ისტორიასა და საქმიანობის სპეციფიკას, ხოლო დასასრულს დააგემოვნეს ადგილობრივი ტრადიციული კერძები.

 

ტურს ხელმძღვანელობდნენ ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე ფურცელაძე. ტურს ასევე ესწრებოდა სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი.