CU-სა და Sciences Po ტულუზას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია

17 სექტემბერი 2024

16 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Sciences Po ტულუზას, საფრანგეთი, შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, ქალაქ ტულუზას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, Sciences Po ტულუზას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტიდან, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანი თავართქილაძე ესწრებოდნენ. 

 

Sciences Po ტულუზას მხრიდან კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დირექტორმა ერიკ დარასმა, ასევე სტუმრებს უმასპინძლეს ჟან-მიშელ ემერი-დოუზანმა, ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ლუსი სეგუინმა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტების გაცვლის, ერაზმუს+, საერთო პროექტების, ასევე ერთობლივი პროგრამების განვითარების მიმართულებით.

 

საიენს პო ტულუზა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1229 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინარულ სწავლებას.

 

აღსანიშნავია, რომ მომდევნო აკადემიური წლიდან, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, კომპიუტერული მეცნიერებების, არქიტექტურის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ტურიზმისა და მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ საიენს პო ტულუზას უნივერსიტეტში მობილობით ისარგებლონ.