24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიაში აქტიურად ჩართულ ლექტორებთან. შეხვედრა ჩატარდა გარე სტეიკჰოლდერებთან დაგეგმილი შეხვედრების სერიის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მწვანე ტურიზმის ჰაბის საქმიანობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების წარდგენას.
ინიციატივები ხორციელდება Erasmus+ ENRICHER Hubs პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს მწვანე ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის მიმართულებით კომპეტენციების გაძლიერებას საქართველოში და მოლდოვაში.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მწვანე ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაზე სტუდენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებში, რათა მათ ჰქონდეთ ბუნებაზე დაფუძნებულ ტურიზმთან უფრო მჭიდრო კავშირი და მეტი საველე გამოცდილება. შემოთავაზებულ მიმართულებებს შორის იყო სტრუქტურირებული გარე აქტივობების ორგანიზება, ეკოტურისტული ბილიკების მარკირების შესაძლებლობის განხილვა და ამ მიმართულებით უფრო ღრმა კვლევების განხორციელება. შეხვედრამ პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და მწვანე ტურიზმის განვითარების მიმართულებით იდეების გაცვლის შესაძლებლობა შექმნა.
