სტარტაპი BioNova, Eco-Innovation Challenge-ის გამარჯვებული გახდა

24 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი და პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მესამე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი BioNova, Eco-Innovation Challenge-ის გამარჯვებული გახდა და $100,000-ის ოდენობის გრანტი მოიპოვა! 

 

კონკურსში მსოფლიოს 40 ქვეყნის საუკეთესო სტარტაპები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ინტენსიური შესარჩევი ეტაპის, ბუთქემფებისა და კონკურენტული რაუნდის წარმატებით გავლის შემდეგ, BioNova-მ გამარჯვება კიშინიოვში გამართულ „Shark Tank“-ის ფორმატის ლაივ ფინალში მოიპოვა.

 

აღსანიშნავია, რომ Eco-Innovation Challenge ხორციელდება „შავი ზღვის გაჯანსაღების“ (Blueing the Black Sea) პროგრამის ფარგლებში და მას მხარს უჭერენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, UNOPS, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და Civitta.

 

მოპოვებული გრანტი BioNova-ს დაეხმარება საკუთარი ტექნოლოგიის განვითარებასა და დანერგვაში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ცირკულარული სოფლის მეურნეობისა და კლიმატური ინოვაციების განვითარებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ეს BioNova-სთვის პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის. სტარტაპმა ასევე მონაწილეობა მიიღო „მწვანე ინოვაციების აქსელერაციის პროგრამაში“ (Greennovation Acceleration Programme), რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისის, საქართველოში დანიის საელჩოსა და PMCG-ის მხარდაჭერით. პროგრამაში 50-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, ხოლო BioNova-მ საკუთარი ინოვაციური პროექტისთვის 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო მოიპოვა.  

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025-2026 წლებში BioNova-მ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამისა და კონკურსის ფარგლებში ჯამში $180,000-ის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა.

 

ვულოცავთ BioNova-ს გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე!