20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითმა ცენტრმა წარმატებით უმასპინძლა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ნატო და ახალი მსოფლიო წესრიგი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია მიეძღვნა ნატო-ს მოახლოებულ საიუბილეო თარიღსა და თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. გლობალური პოლიტიკური ტრანსფორმაციები, რეგიონული კრიზისები, ჰიბრიდული ომები და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები განაპირობებს ნატოს როლის, ფუნქციებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების ხელახალ გააზრებასა და გადაფასებას.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირ. წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გურანდა ჭელიძემ და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით წიკლაურმა. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას სტუდენტების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ დისკურსში, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მკვლევართა შორის აკადემიური გამოცდილების გაზიარებაში.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებმა. წარმოდგენილმა თემებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენციის მუშაობას მოდერაციას უწევდა სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი გივი ამირანაშვილი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აქტიური და საინტერესო დისკუსია.
კონფერენცია შეაჯამა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა. ღონისძიების დასასრულს მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
