საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Journal of Oncological Sciences გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი - „ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში: მონაწილეობის, პროგრამის ეფექტიანობის მაჩვენებლებისა და კიბოს გამოვლენის რეტროსპექტული შეფასება, 2015–2022 წლები (Breast Cancer Screening in Georgia: A Retrospective Evaluation of Participation, Performance Indicators, and Cancer Detection, 2015–2022).
კვლევის მიზანი იყო საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის შეფასება, სკრინინგში მონაწილეობის, პროგრამის ფუნქციონირების მაჩვენებლებისა და ძუძუს კიბოს გამოვლენის შედეგების ანალიზის საფუძველზე.
კვლევა ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015–2022 წლების მონაცემებს და მოიცავს 40–70 წლის ქალებისთვის განკუთვნილ სკრინინგის პროგრამას.
კვლევის ძირითადი შედეგები
- 2015-2022 წლებში ეროვნული პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირდა 329 780 მამოგრაფიული სკრინინგის ჩანაწერი.
- სკრინინგში მონაწილეობის მაჩვენებელმა 17,7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი გამოთვლილია 2015-2022 წლებში ჩატარებული მამოგრაფიული გამოკვლევების საერთო რაოდენობის მიხედვით. ვინაიდან ზოგიერთ ქალს ამ პერიოდში სკრინინგი რამდენჯერმე ჰქონდა ჩატარებული, 17,7% არ ნიშნავს, რომ პროგრამაში ქალების სწორედ ეს წილი მონაწილეობდა.
- პათოლოგიური ან საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა 17 243 სკრინინგის ჩანაწერში (5,2%).
- პროგრამის ფარგლებში დადასტურდა ძუძუს კიბოს 1 680 შემთხვევა, რაც შეესაბამება დაახლოებით 5,1 შემთხვევას ყოველ 1 000 მამოგრაფიული სკრინინგის ჩანაწერზე.
- სკრინინგში მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 50–59 წლის ქალებში (21,5%), ხოლო ყველაზე დაბალი - 40-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში (14,2%).
კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ეროვნული პროგრამის არსებობისა, სკრინინგში მონაწილეობის დონე კვლავ დაბალია. ეს გარემოება ზღუდავს პროგრამის პოტენციალს, ხელი შეუწყოს დაავადების დროულ გამოვლენასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკრინინგის ორგანიზაციული მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას. ავტორი რეკომენდაციას უწევს მოსახლეობის ორგანიზებული მოწვევისა და განმეორებითი შეტყობინების სისტემების განვითარებას, პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტიურ ჩართულობას, რეგიონებში სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დიაგნოსტიკური პროცესის სისტემური მონიტორინგის დანერგვას.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვან სამეცნიერო საფუძველს ქმნის საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებას.
სამეცნიერო ჟურნალი Journal of Oncological Sciences ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scopus.
სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
Verulava T. Breast cancer screening in Georgia: a retrospective evaluation of participation, performance indicators, and cancer detection, 2015–2022. Journal of Oncological Sciences. DOI: 10.37047/jos.galenos.2026.2026-7-5.
სტატიის სრული ტექსტი.
