TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში იმყოფება.
დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია ერთობლივი პროგრამის დეტალების და პროექტის სტატუსი განხილვა, პროგრამით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და ინფრასტრუქტურის დათვალიერება, პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის იმ სერვისების გაცნობა, რომლითაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ.
ვიზიტს TH Wildau-ის მხრიდან ესწრებოდნენ: მაიკლ მიულერი - TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ დიუკი - პროფესორი და დოქტორი, ჰერბერტ ზონთაგი - კვლევითი ჯგუფის სატრანსპორტო ლოგისტიკის პროფესორი და დოქტორი.
სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან უმასპინძლეს: კახა შენგელიამ - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბუბა ლეჟავამ - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი დობორჯგინიძემ - ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ადმინისტრაციის სხვაა წარმომადგენლებმა.
TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.
TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.