დუბაიში საქართველოს ბიზნეს საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე CU-ის ვიცე-პრეზიდენტია

27 სექტემბერი 2024

დუბაის სავაჭრო პალატამ, დუბაის პალატების ქოლგის ქვეშ მოქმედი სამი პალატიდან ერთ-ერთმა, ოფიციალურად დააანონსა საქართველოს ბიზნეს საბჭოს (Georgian Business Council) შექმნა, რომლის დამფუძნებლებიც არიან ის ქართველები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ბიზნეს საქმიანობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

 

აღსანიშნავია, რომ საბჭოს დამფუძნებლებს შორის არის კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის ტრენინგ ცენტრის წარმოდგენილი - ბუბა ლეჟავა. დუბაის კომპანია ინვესტ ინ ჯორჯიას დამფუძნებელი - თემურ მიქელაძე - არჩეული იქნა Georgian Business Council UAE-ში თავმჯდომარედ, ბუბა ვიცე-თავმჯდომარედ, ხოლო გენერალურ მდივნად ნინო ჩანტლაძე. გარდა ზემოხსენებულებისა ბორდის წევრებად არჩეულები იყვნენ ბექა გოლეთიანი, მარიამ შევარდნაძე, დავიდ დუმბაძე, თეონა ბუზალაძე, ხუტა ლიპარტელიანი და ვალერი ნასყიდაშვილი.

საბჭოს ჩამოყალიბება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დუბაისა და საქართველოს კერძო სექტორებს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ხელშეწყობის, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის მხარდასაჭერისთვის.

 

საქართველოს ბიზნეს საბჭოს პირველ ყოველწლიურ გენერალურ სხდომაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი ბიზნეს ღონისძიებების ორგანიზების საშუალებები და ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 

დუბაის პალატების ბიზნეს ადვოკატირების ვიცე-პრეზიდენტმა, მაჰა ალ გარგავიმ, საქართველოს ბიზნეს საბჭოს დაწყებასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ბიზნეს საბჭოს შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ქსელებისა და თანამშრომლობის ეფექტური ეკოსისტემის აშენებით. ბიზნეს საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს ქართული ბიზნესებისთვის დუბაიში საქმიანობის მართვის გამარტივებას. ეს ღირებული პლატფორმა იქნება - ქართული ბიზნეს საზოგადოების ხმა დუბაიში, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ ადვოკატირებას, რაც ხელს შეუწყობს საემიროებში ქართული კომპანიების მდგრად წარმატებას“.

 

კონკრეტული ქვეყნის ბიზნეს საბჭოები დუბაიში წარმოადგენენ ამ ქვეყნის ინვესტორებს და ბიზნეს ინტერესებს. ისინი დუბაის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით ორიენტირებული არიან ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე. ბიზნეს საბჭოები არის ძალიან ეფექტური პლატფორმები კომპანიებისთვის კომუნიკაციისთვის, თანამშრომლობისა და გავლენიანი პარტნიორობის დასამყარებლად.