მიმდინარე წლის 25, 29-30 მარტს , ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრები და ბათუმის კამპუსის თანამშრომლები.
შეხვედრა წარიმართა ავსტრიის, გრაცის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და დაეთმო რეგიონების, რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიული განვითარების შესახებ თეორიული მიდგომების გაცნობას. პრეზენტატორებმა კონკრეტული ქეისების განხილვის, თეორიებისა და კვლევების მეშვეობით განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეგიონალური უნივერსიტეტის როლი რეგიონულ განვითარებაში, ინტერნაციონალიზაციის ეტაპები, ქალაქისა და რეგიონის სტრატეგიული ბრენდინგი და მათი კონკურენტუნარიანობა, პრაქტიკული და სტრატეგული მიდგომები კვლევით ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებთან თანამშრომლობისათვის.
პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.