13-15 ოქტომბერს საერთაშორისო უნივერსიტეტების პრეზიდენტთა ასოციაციის (IAUP) რიგით მე-20 სამწლიანი კონფერენცია პეკინში, ჩინეთში გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა იყო: „გენერაციული AI და უმაღლესი განათლების მომავალი.“
კონფერენციას ესწრებოდნენ კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და IAUP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, და ირენა მელუა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ქართველი რექტორების დელეგაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ალტე უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორებით.
კახა შენგელიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის გახსნაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ეს არის მისი მმართველი საბჭოს ხელმძღვანელობის ბოლო ვადა, რითაც ასრულებს ათწლიან მოღვაწეობას IAUP-ის მმართველობაში ის 2014 წელს აირჩიეს IAUP-ის არჩეულ პრეზიდენტად სამი წლის ვადით, 2017-2021 წლებში იყო ორგანიზაციის პრეზიდენტი და 2021-2024 წლებში იკავებდა მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. მან ისაუბრა იმ მიღწევებსა და შედეგებზე, რომლებსაც ორგანიზაციამ მიაღწია მის გუნდთან ერთად. ასევე, მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტს, ფერნანდო ლეონ გარსიას, ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მმართველი საბჭოს და ორგანიზაციის ყველა წევრს. კახა შენგელია 2024 წლიდან გააგრძელებს IAUP-ის აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობას.
IAUP-ის კონფერენცია პეკინში უმაღლესი განათლების ლიდერების მონაწილეობით მიმდინარეობდა. 60-ზე მეტი საერთაშორისო მომხსენებელი განიხილავდა, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი უნივერსიტეტებს, ტრანსფორმირებს სწავლების მოდელებს და მართვის პროცესებს გლობალურ დონეზე. გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- ხელოვნური ინტელექტის ეთიკა და მისი გავლენა განათლებაზე;
- ინოვაციები საგანმანათლებლო მოდელებში;
- AI-ის საშუალებით უნარების განვითარება;
- უმაღლესი განათლების მომავალი.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა გააფორმა რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმი და აქტიურად მიიღო მონაწილეობა ტექნოლოგიების ფორუმში, სადაც წარმოდგენილი იყო ბოლო ტექნოლოგიური მიღწევები.
ეს კონფერენცია განსაკუთრებული მომენტია IAUP-ის 2021-2024 სამწლიანი პერიოდისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ დოქტორი ფერნანდო ლეონ გარსია (CETYS უნივერსიტეტი) პრეზიდენტის რანგში და კახა შენგელია მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში. ამ წლებში IAUP კონცენტრირებული იყო პანდემიის შემდგომ უმაღლესი განათლების აღდგენასა და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციასა და ინკლუზიურობაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბორდისა და მმართველი საბჭოს შეხვედრები. გენერალურ ასამბლეაზე კი 2024-2027 წლებისთვის არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი - დოქტორი შონ ჩენი (SIAS უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ჩინეთი), გენერალური მდივანი ბრენტ უაითი (ჰავაის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, აშშ), ხოლო ხაზინადარი - ტაცურო ტანიოკა (ტანიოკას განათლების ფონდი, იაპონია).