იოჰანესბურგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 ივნისი 2024

თბილისი, საქართველო - 10-14 ივნისი, 2024 წელი

 

იოჰანესბურგის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დელეგაცია, პროფესორების კოსტა გეორღიუს და დიონ ჰელდენჰაისის შემადგენლობით (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი), სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ კავკასიის უნივერსიტეტს. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნების რეალიზაციას კონკრეტული გეგმების შემუშავებით, მათ შორის ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების, კვლევითი თანამშრომლობისა და გაცვლების კუთხით.

 

დელეგაცია მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა. კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ეკა აკობია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. შეხვედრაზე განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა თანამშრომლობითი სამომავლო ინიციატივები. გაიცვალა  ინფორმაცია  შესაბამის ფაკულტეტებს შორის სასწავლო და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

 

ვიზიტით მყოფმა დელეგაციამ ასევე ნაყოფიერი შეხვედრა გამართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს ადმინისტრაციული, პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება.

 

დელეგაცია ასევე შეხვდა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა სკოლის დეკანს, დავით ნატროშვილს ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია CSG-ის სტუდენტებისთვის.  პროფესორმა დიონ ჰელდენჰაისმა წაიკითხა ლექცია თემაზე "საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის შედარება: რას აჩვენებს საერთაშორისო რეიტინგები," ხოლო პროფესორმა კოსტა გეორღიუმ წაიკითხა ლექცია თემაზე "სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების შეფასება". შეხვედრის შემდგომ გაიმართა კითხვა პასუხის სესია სტუდენტებთან.

 

დელეგაცია ასევე ეწვია  რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკურ ცენტრებს თბილისში. დელეგაციას გაცნობითი შეხვედრით ასევე უმასპინძლეს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

 

დელეგაციისთვის ორგანიზებული იყო კულტურული ღონისძიება, რომლის ფარგლებში მათ მოინახულეს საბჭოთა ოკუპაციის ეროვნული მუზეუმი.