20-24 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტები განხორციელდა Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.
გაცნობითი შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ამასთან, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამების, ასევე უნივერსიტეტის მიღწევების შესახებ.
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ანკარას ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, ამავე უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლისთვის, სალაჰ ჰაჯისმაილისთვის, დაიგეგმა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანთან, მარიამ მენაბდესთან.
ასევე, ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში დეპარტამენტმა უმასპინძლა ალკალას უნივერსიტეტის, ესპანეთი, ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენელს, პროფესორ მარია მორენოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლებთან. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დმინისტრაციული დირექტორი ნათია სულაბერიძე და კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი რატი სხირტლაძე.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, რაც პარტნიორ ინსტიტუციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
