ტურიზმის სკოლის დეკანის ვიზიტი ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

12 თებერვალი 2025

მიმდინარე წლის იანვარში, ტურიზმის სკოლის დეკანი, დოქტორი დიკო კოპალეიშვილი, იმყოფებოდა გერმანიაში ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, International Winter University 2025-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიაში ქალაქ ფულდაში.

 

პროექტში ჩართულ პირებს სამი კვირის განმავლობაში, ჰქონდათ საინტერესო და დატვირთული პროგრამა, რომელიც მოიაზრებს ინტენსიურ სემინარებს, გერმანული ენის კურსებს, კულტურულ აქტივობებს და გასვლით სასწავლო ტურებს გერმანიის ქალაქებში (ვეიმერი/ბუხენვალდი, აიზენახი, ვატბურგი, ბერლინი და ა.შ.).

 

გარდა პროგრამით გათვალისწინებული სემინარების, ლექციებისა და სასწავლო ტურებისა ტურიზმის სკოლის დეკანი შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქ-ნ იულია-სოფი როტმანს და ფულდას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ კარიმ ხაკზარს. გერმანელ კოლეგებთან განხილული იქნა უნივერსიტეტების სამომავლო გეგმები და უნივერსიტეტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი და ფულდას უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი უკვე მუშაობს ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება.

 

შეხვედრა შედგა ქალაქის მერ დოქტორ ჰაიკო ვინგენფელდისთან, პროგრამის აკადემიურ დირექტორ პროფესორ უვე ჰუნგერისთან და პროგრამის კოორდინატორ იუდიტ თორნიერთან. მერმა ისაუბრა ჰესენის ზამთრის და ზაფხულის უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე და ამ პროექტის სამომავლო მხარდაჭერაზე. 

 

აღნიშნული ღონისძიებების გარდა, დიკო კოპალეიშვილმა პროფ. უვე ჰუნგერთან ერთად მონაწილეობა მიიღო  ბლოკსემინარში, რომელზეც განხილული იყო თანამედროვე ლიტერატურა თემებზე მიგრაცია, სოციალური პრობლემები და თანასწორობა. სემინარის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა სტუდენტებისთვის წარედგინა თავისი წიგნი „ქალები განაჩენის მოლოდინში“. სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია აღნიშნული წიგნის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატიკის შესახებ. 

 

ფულდას უნივერსიტეტი ზამთრის უნივერსიტეტთან ერთად ასევე 20 წელზე მეტია ახორციელებს ჰესენის ზაფხულის უნივერსიტეტს, რომელიც აგრეთვე ძალიან მრავალპროფილური და მასშტაბურია. ამ პროგრამებში სამომავლოდაც იგეგმება კავკასიის ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციის და სტუდენტების ჩართულობა და მონაწილეობა.