CSG-ის აფილირებული პროფესორის, ეკა აკობიას პუბლიკაცია

18 ოქტომბერი 2021

გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, ეკა აკობიას პუბლიკაცია (2021) საჯარო მმართველობა კონფლიქტის ქვეყნებში: საქართველოს შემთხვევა. პუბლიკაცია შესულია წიგნში „საჯარო ადმინისტრაცია კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში“, რედ. იურაი ნემეცი და პ. ს. რედი. პალგრეივ მაკმილანი.

 

წიგნის თავში განხილულია კონფლიქტის გავლენა  საქართველოს საჯარო ადმინისტრაციის მუშაობაზე და შესწავლილია სისტემის განვითარების ეტაპები და შედეგები. ავტორის აზრით,  საქართველოში კონფლიქტი კომპლექსურია და სხვადასხვა დროს მოიცავდა შეიარაღებულ კონფლიქტს, სტრუქტურულ ძალადობას და ჰიბრიდულ ომს, ხოლო მთლიანობაში აღნიშნული კონფლიქტი საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია. პუბლიკაციაში ძალადობა და დემოკრატიზაცია აღებულია როგორც ორი უმნიშვნელოვანესი ცვლადი, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს საჯარო ადმინისტრირების განვითარებაზე. ამასთან, პროცესს ერთვის ორი გარე ფაქტორი: ერთი მხრივ, სახეზეა ნეგატიური გარემოება - რუსეთის უწყვეტი მცდელობა გავლენა მოახდინოს საქართველოში ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესზე, ხოლო მეორე მხრივ, სახეზეა დადებითი გარემოება - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ქმნის განმავითარებელ ჩარჩოს დემოკრატიზაციისა და რეფორმებისთვის. პუბლიკაციაში გაანალიზებულია მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდექსის (WGI) მონაცემები და შედარებულია საჯარო ადმინისტრირების განვითარების სამი სხვადასხვა პერიოდი შიდა და გარე ფაქტორების ჭრილში.

 

წიგნი განთავსებულია გამომცემლის გვერდზე.