CSG-ის დეკანი Nispacee 27-ე ყოველწლიური კონფერენციაზე

26 მაისი 2019

24-26 მაისს, პრაღში (ჩეხთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 27-ე ყოველწლიური კონფერენცია - „პოლიტიკის დიზაინიდან პოლიტიკის პრაქტიკამდე“ გაიმართა.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო Nispacee-ს საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში (22-23 მაისი), რომლის ფარგლებშიც განიხილეს ორგანიზაციის დოკუმენტები და ქსელის საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა საკითხები. ეკა აკობიამ ასევე უხელმძღვანელა კონფერენციის გენერალურ სესიას - „პროფესიონალებისა და ფასეულობების როლი საჯარო პოლიტიკაში“.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორმა ნათია ჯოხაძემ კონფერენციაზე წარადგინა კვლევა -  „საჯარო პოლიტიკა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე - დეკლარირებული პოლიტიკა და რეალობა საქართველოში“. კვლევა შეისწავლის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობას საქართველოში, აანალიზებს ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგებს და აყალიბებს პოლიტიკის რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღებთათვის, და ასევე, ინდივიდუალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

 

Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში და მიზნად ისახავს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას რეგიონში (ამ ეტაპზე ქსელში გაწევრიანებულია რეგიონის 77 უნივერსიტეტი).