CSG-ის სტუდენტთა პრაქტიკისთვის PESTUGE-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 მარტი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (IPS) ორგანიზებით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროექტის - Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia (PESTUGE) ფარგლებში ხელი მოეწერა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პროექტის მონაწილე ოთხ უნივერსიტეტსა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროექტის პარტნიორ ოთხ სახელმწიფო/არასამთავრობო უწყებას შორის. ესენი გახლავთ:

 

  • საქართველოს პარლამენტის აპარატი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია

 

მემორანდუმის ფარგლებში შეირჩევა 4 სტუდენტი თითოეული მონაწილე უნივერსიტეტიდან (სულ 16 სტუდენტი), რომლებიც 2018 წლის განმავლობაში 1 თვიან  პრაქტიკას გაივლიან პროექტის პარტნიორ უწყებებში. მემორანდუმები ითვალისწინებს, პროექტ PESTUGE-ს ფარგლებში შემუშავებულ სასწავლო კურსებში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებას.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებში დაინერგა ისეთი საგნების სწავლება, როგორიცაა: მშვიდობის თეორიები; მშვიდობისა და კონფლიქტის თეორიები; საერთაშორისო კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები; სამშვიდობო პროცესების მენეჯმენტი; ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები და სამშვიდობო ოპერაციები და სხვა. სულ 16 ახალი კურსი.

 

აღნიშნული მემორანდუმები წარმოადგენს უსდ-სა და სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს და ემსახურება ერთის მხრივ, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო მეორეს მხრივ, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მქონე ახალგაზრდების დაკავშირებას იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე.