„ადგილობრივი თვითმმართველობის“ სალექციო კურსის სტუდენტები, ლექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს ესტუმრნენ და მის საქმიანობას გაეცნენ.
გასვლითი შეხვედრის მიზანი, მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრაქტიკული ნაწილის გაცნობა იყო. შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში სტუდენტებისთვის ექსკურსია მოეწყო, რის შემდეგაც ისინი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძეს შეხვდნენ. გიორგი ტყემალაძე სტუდენტებს დედაქალაქის მართვის პროცესში, წარმომადგენლობითი ორგანოს როლზე ესაუბრა და მისი ფუნქციონირების პრაქტიკული დეტალები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სტუდენტებს ბიუჯეტირების საკითხები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის წევრმა და სალექციო კურსის ლექტორმა რიმა ბერაძემ, სტუდენტებს საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციებსა და მუნიციპალურ სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა გიორგი ტყემალაძეს, დავით უთმელიძესა და რიმა ბერაძეს მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების მათთვის საინტერესო საკითხებზე ჰკითხეს, რაზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ლექტორის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის სალექციო კურსის ფარგლებში, სტუდენტებისათვის გასვლითი შეხვედრები კვლავ მოეწყობა. შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტები იმ სახელმწიფო უწყებებს ეწვევიან, რომლის საქმიანობას ისინი საგანში თეორიულად სწავლობენ.