22 თებერვალს, გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია: „ევროკავშირი და საქართველო გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ღონისძიება ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის - JM CoE EUPOLTRANS (2022-2025) პროექტის ფარგლებში.
პროექტის გუნდმა წარმოადგინა მოხსენებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე შრომის, გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ასევე საბჭოსა და კომისიის ბოლოდროინდელი მოხსენებების კონტექსტში.
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის მიზანი იყო ევროკავშირის თემებით დაინტერესებული ფართო პროფესიული წრეების (საჯარო, სამოქალაქო, აკადემიური, დიპლომატიური კორპუსი) ჩართულობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცოცხალ დისკუსიაში, რათა სხვადასხვა პერსპექტივათა სინერგიით ინკლუზიურად განხილულიყო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებები და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოს დიპლომატები, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები.