ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 205 წლისთავისადმი მიძღვნილი სალონური საღამო

15 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 205 წლისთავისადმი მიძღვნილი სალონური საღამო.

 

ლიტერატურული საღამო მე-19 საუკუნის სტილითა და კლასიკური მუსიკის თანხლებით წარიმართა და განსაკუთრებული ატმოსფერო შეიქმნა. სტუდენტები ჰყვებოდნენ ბარათაშვილის ბიოგრაფიის რომანტიკულ თუ ტრაგიკულ ისტორიებს, კითხულობდნენ ლექსებს, წერილებს...

 

ბარათაშვილის სიცოცხლის წლებსა და შემოქმედებაზე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და პიროვნულ ქარტეხილებზე, გენიოსი პოეტის ხედვაზე, კვალსა და გავლენაზე ილიას უნივერსიტეტის  პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა. საინტერესო იყო ბარათაშვილის პორტრეტის ავტორთან - ლევან ჭოღოშვილთან შეხვედრა და მოსმენა, თუ  როგორ, რა მასალაზე დაყრდნობით შექმნა პოეტის  პორტრეტი.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა; კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ და ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური მუზეუმის (თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება) კურატორმა - თეონა ტაბატაძემ.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით შედგა საინტერესო, შემოქმედებითი და დაუვიწყარი საღამო.