27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში გაიმართა ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) საორგანიზაციო შეხვედრა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი თინათინ გიორგაძე, ამავე სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ხვლეური, კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკაკი კაპანაძე და პროექტების მართვის დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი თამარ თელია.
ჟან მონეს კათედრის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ ადმინისტრაციის განახლებული შემადგენლობის წინაშე წარადგინა კათედრის საქმიანობის ანგარიში. მან შეაჯამა როგორც 2024-2025, ისე 2025-2026 სასწავლო წლებში განხორციელებული აქტივობები, მიმოიხილა მიღწეული შედეგები და ისაუბრა პროექტის განხორციელების ფარგლებში დაგროვილ გამოცდილებაზე.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირითად აქტივობებზე, მათ შორის: ჟან მონეს კათედრის სალექციო კურსებზე, კათედრის გუნდის წევრის, ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორის რადუ კარპის საჯარო ლექციებზე, ჯგუფურ ლექციებსა და ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში კათედრის აქტივობების ბენეფიციარები იყვნენ: სალექციო კურსების ფარგლებში - 72 სტუდენტი; მოწვეული პროფესორის ლექციებში - 37 სტუდენტი; ჯგუფურ ლექციებში - 56 მონაწილე, ხოლო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 16 სტუდენტმა.
გურანდა ჭელიძემ ასევე ისაუბრა განხორციელებული აქტივობების შეფასების შედეგებსა და მონაწილეთა უკუკავშირზე. მან აღნიშნა სტუდენტების მაღალი ჩართულობა, ევროკავშირის საკითხებისადმი მზარდი ინტერესი და წარმოდგენილი თემების მიმართ ცოდნის გაღრმავების მოტივაცია.
ანგარიშის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კათედრის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობას. მომხსენებელმა მიმოიხილა პროექტის გუნდის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ხაზი გაუსვა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების პარალელურად ცოდნის გავრცელებისა და დისემინაციის დამატებითი მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.
შეხვედრის დასასრულს წარმოდგენილი იყო 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის 2026 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები და კათედრის მომავალი აქტივობები.
