„მრგვალი მაგიდა“ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის

18 ივნისი 2021

 

10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში ჩატარდა  „მრგვალი მაგიდა“ ისტორიისა და სამოქალქო განათლების პედაგოგებისათვის. 

 

შეხვედრა ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და “სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის” მხარდაჭერით. გარდა პროექტის ბენეფიციარი სკოლების მასწავლებლებისა, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვა დაინტერესებული სკოლების მასწავლებლებიც. შეხვედრაზე პროექტის ექსპერტებმა და სახელმძღვანელოს ავტორებმა, ისაუბრეს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს - „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ შესახებ, პასუხი გასცეს მასწავლებელთა შეკითხვებს. 

 

Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, „მრგვალი მაგიდის“ მუშაობაში ბრიუსელიდან დისტანციურად ჩაერთო  პროექტის ექსპერტი, ბრიუსელის ვრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგიის დეპარტამენტისა და TESA– შრომითი ბაზრის კვლევითი ჯგუფის დირექტორი, ევროპული ინდუსტრიული ურთიერთობების კავშირის თანა-დამაარსებელი, მკვლევარი და კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჟაკ ვილროქსი. მან ისაუბრა სახელმძღვანელოს შესახებ, ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოში გაშუქებული საკითხების ცოდნის მნიშვნელობას ევროპული ასოცირების პროცესების შემდგომ განვითარებაში, ასევე ვრცლად შეეხო დღეს არსებულ პრობლემებს სოციალურ სფეროში, მისი გადაჭრის გზების ევროპულ გამოცდილებას. შეხვედრის დასრულებისას გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლებს სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცათ.