ჯორჯ ვაშინგტონის ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12 აპრილი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (George Washington University, USA) ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, სელენი მათუსს (Seleni Matus) უმასპინძლა.

 


ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან, ნინო კალანდაძესთან, ამავე სკოლის აფილირებულ პროფესორსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსთან, გიორგი ბრეგაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. შეხვედრის მთავარი თემა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამის ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხების განხილვა გახლდათ.

 

 

მიმდინარე წლის ივნისში, ჯორჯ ვაშინგტონის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლებს კავკასიის ტურიზმის სკოლა. საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამის მთავარი თემაა ,, გასტრონომია და ღვინის ტურიზმი’’.

 

 

ჯორჯ ვაშინგტონის  უნივერსიტეტის სტუდენტები 4 კვირიან თემატურ კვლევას განახორციელებენ კავკასიის ტურიზმის სკოლის სრული პროფესორის, გიორგი ბრეგაძის ზედამხედველობით. მონაწილეები პროგრამის ფარგლებში ორ კვირას გაატარებენ თბილისსა და კახეთის რეგიონში. მონაწილეობას მიიღებენ  სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში, სესიებსა თუ  პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ახალი კვლევითი პროექტების განხორციელებას.

 


აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ვაშინგტონის სტუდენტების ჯგუფის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 წელს კავკასიის უნივერსიტეტისთვის - გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) - საერთაშორისო აკრედიტაციის (TedQual) მოპოვებაში მხარდაჭერით დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება.