ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას TedQual-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაუხანგრძლივდა

10 ნოემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual-ის სერტიფიცირების პროცესი 2020 წელს წარმატებით გაიარა, წელს კი აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაიხანგრძლივა.

 

სერტიფიცირების ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კავკასიის ტურიზმის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სტუდენტებს  მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ამზადებს. ამ წარმატებით საქართველო უმაღლესი განათლების გლობალურ კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერტიფიკატის მიღება პროგრამის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას და მათზე ადეკვატურად პასუხს ნიშნავს.

 

TedQual სერტიფიცირების სისტემა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს. ხარისხის ეს სისტემა ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას.

 

მტო-ის TedQual ქსელში ჩაბმით, კავკასიის ტურიზმის სკოლა იღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ასევე უამრავ შესაძლებლობას საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის. უნივერსიტეტები, როგორიცაა:  George Washington University, Università di Bologna, César Ritz Colleges: IHCR & UCCR, Bournemouth University, Université du Québec à Montréal – UQAM ასევე არიან ამ სისტემით სერტიფიცირებული.