13 ოქტომბერს, ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, პირველკურსელებისთვის მორიგი გასვლითი ტური მოეწყო. ამჯერად, სტუდენტები ეწვივნენ სასტუმრო „IBIS BUDGET TBILISI CENTER"-ს, სადაც გაეცნენ სასტუმროს საქმიანობის სფეციფიკას, დეპარატამენტებს და იმ ძირითად კომპონენტებს, რომელიც სასტუმროს ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
სასტუმრო თბილისის ცენტრში მდებარეობს და ბიუჯეტურ სეგმენტზეა გათვლილი. იგი 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და დროის მცირე პერიოდში მოახერხა ბაზარზე დამკვიდრებულიყო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ბიუჯეტური შეთავაზება მომხმარებლისთვის.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურზე იყვნენ როგორც ბაკალავრის პროგრამის სტუდენტები, ასევე ახალი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის „მასპინძლობის მენეჯმენტის“ სტუდენტები.
კავკასიის უნივერსიტეტისა და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი პროგრამა მასპინძლობის მენეჯმენტში პირველი 3 წლიანი საბაკალვრო პროგრამაა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სტუდენტს ანიჭებს კავკასიის ტურიზმის სკოლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ტურიზმში და ფერლი დიკინსონის ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს მასპინძლობასა და ინოვაციურ და მაღალხარისხიან ტურიზმში.
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველი 5 სემესტრის განმავლობაში საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ, ხოლო ბოლო, მე-6 სემესტრს, სტუდენტი სწავლას აგრძელებს ნიუ-ჯერსში, აშშ-ში.