CSL-ის სტუდენტის პროექტი რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია

3 თებერვალი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ედიშერ გამგონეიშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა 2021 წლის რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ  “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი”-ში გაიმარჯვა.

 

პროექტის სახელწოდებაა: "კაპიტალური ტიპის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის პროცედურა და საფუძვლები".

50 საპროექტო  განაცხადიდან დასაფინანსებლად შეირჩა 38, რომელთა შორისაც მოხვდა ედიშერ გამგონეიშვილის პროექტი. კონკურსანტები შეფასდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. 

 

კონკურსის მიზანია, მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, რომლებიც მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.