სამართლის სკოლის წარმატება ,,ელსა საქართველო’’-ს იმიტირებული სასამართლო პროცესზე

23 მაისი 2023

19-22 მაისს, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ორგანიზებით, კურორტ საირმეში გაიმართა პროექტის -„ელსა საქართველოს იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში (II)“ - ფინალური ეტაპი.

 

ფინალურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით - ნინო ნასარიძე და დავით სახოკია. იმიტირებული პროცესის საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა დავით სახოკია.

 

კავკასიის სამართლის სკოლის გუნდის მხარდაჭერას ახორციელებდა კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი საერთაშორისო და ადგილობრივ შეჯიბრებებში თინათინ ობოლაძე.

 

პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 22 გუნდმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა მოისმინეს სალექციო კურსი ადამიანის უფლებათა შესახებ და დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. წერილობითი ნაშრომების საფუძველზე ნახევარ ფინალურ ეტაპზე გადავიდა 4 საუკეთესო გუნდი, ხოლო ფინალში კი თსუ-ს და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდებმა იასპარეზეს.

 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა იურისტებსა და სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის სამართლის მიმართულებით. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შეიძინეს და განივითარეს ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისათვის. გარდა აღნიშნულისა, იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების ფინალურ ეტაპს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე ჭეიშვილი დაესწრო.