15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ ევროკავშირი? დასაქმების პოლიტიკის ევროპული ღირებულებები".
ლექციას უძღვებოდა თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
ევროკავშირის დასაქმების პოლიტიკა უმუშევრობას აღიქვამს არა ინდივიდუალურ, არამედ სტრუქტურულ პრობლემად, რომლის მიხედვით, უმუშევრობის აღმოსაფხვრელად და დასაქმებულთა სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შრომის ბაზარში სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო. სახელმწიფო ახორციელებს დასაქმების აქტიურ პოლიტიკას. განათლებისა და გადამზადების პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ხელს უწყობს მუშახელს შეიძინოს დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ეს, თავის მხრივ, შრომის ბაზარზე მოთხოვნის სტრუქტურის ცვალებადობაზე ადაპტაციის საშუალებას იძლევა. შრომის ბაზრის მიღმა დარჩენილ ინდივიდებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ბენეფიტებით (მაგ.: უმუშევრობის დაზღვევა, სოციალური დახმარება), რითაც ხელს უწყობს მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.