კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის CTL (შედარებითი აზრისა და ლიტერატურის) დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აცხადებს საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას: „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“.
კონფერენცია გაიმართება: 15-16 ოქტომბერს, 2026.
ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
კონცეფცია
ბოლო რამდენიმე ათწლეულში, გამოიკვეთა ავტორიტარიზმის ახალი და მოულოდნელი ფორმები. ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული პოლიტიკური მოდელებით, არამედ გავლენას ახდენს კულტურულ ნარატივებზე, მედია ეკოლოგიაზე, პროპაგანდაზე, ჰიბრიდულ ომებზე და გლობალურ კრიზისებზე. XX საუკუნის მემკვიდრეობა დღესაც ზემოქმედებს მსოფლიოზე; და ეს თანამედროვე სწრაფად ცვალებადი საზოგადოების ფონზე, თავის მხრივ მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის წარსული ნარატივებით, მეხსიერებით, ტრანსნაციონალური და გლობალური ცვლილებებით და სხვ. ეს ცვლილებები მუდმივად საჭიროებს კრიტიკულ შეფასებას.
კონფერენცია იმსჯელებს თანამედროვე ავტორიტარიზმის მრავალმხრივ ასპექტებზე და შემდეგ თემებზე (თუმცა არ არის მხოლოდ ამ თემატიკით შემოფარგლული):
- ავტორიტარული ნარატივები და ლეგიტიმაცია
- ავტორიტარული ძალის კულტურული და სიმბოლური განზომილებები
- წარსული ავტორიტარული რეჟიმების მემკვიდრეობითობა და ცვლილებები
- ტრანსნაციონალური ცვლილებები და კომპარატიული პერსპექტივები
- წინააღმდეგობის, უთანხმოებისა და ხელახლა წარმოსახვის სივრცეები
სფეროები:
ეს საერთაშორისო, ინტერდისციპლინური კონფერენცია იწვევს მკვლევარებს პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიისა და კულტუროლოგიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მედიისა და კომუნიკაციის კვლევების, ხელოვნების, მუსიკისა და საშემსრულებლო სფეროებიდან. კონფერენციის მიზანია იმსჯელოს, თუ როგორ აღიქმება ავტორიტარიზმი დღევანდელობაში, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მის კულტურულ ნარატივებზე, ისტორიულ განგრძობითობასა და იმ დაპირისპირებებზე, რასაც იგი თანამედროვე ეპოქაში იწვევს.
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისა და პოლიტიკის კვლევის სპეციალისტთა შეკრებით, კონფერენცია ცდილობს, ახლებურად შეაფასოს ავტორიტარიზმი როგორც ძალაუფლების სტრუქტურა და კულტურული ფენომენი, და იმსჯელოს თუ როგორ ზემოქმედებს მისი გარდამავალი ფორმები საზღვრებს მიღმა, სხვადასხვა საზოგადოებებზე.
კონფერენციის პროგრამა აერთიანებს ინდივიდუალურ მოხსენებებს, თემატურ სესიებსა და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებს, რომლებიც შექმნილია დისციპლინებს შორის დიალოგის გასაღრმავებლად. მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან ყველა საფეხურის მკვლევრები და პრაქტიკოსები.
განაცხადისთვის უცილებელია გამოაგზავნოთ:
- აბსტრაქტი: 250-300 სიტყვა ინდივიდუალური მოხსენებები
- ბიოგრაფია არაუმეტეს 100 სიტყვისა, აფილაციის და საკონტაქტო დეტალების ჩათვლით
გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ ფოსტაზე: grc@cu.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები და ვადები:
- აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადა 2026 წლის 1 თებერვალი;
- შეტყობინება აბსტრაქტთან დაკავშირებით 2026 წლის 31 მარტი.
შერჩეული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს Open Access ჟურნალის სპეციალურ ნომერში.
კონფერენციის ოფიციალური ენაა ინგლისური.
კონფერენცია ჩატარდება ფიზიკურად, ლიმიტირებული ონლაინ პრეზენტაციების შესაძლებლობით.
კონფერენციის განაცხადს განიხილავს კონფერენციის საერთაშორისო ჟიური, რომელიც შედგება აღიარებული მკვლევრებისა და ექსპერტებისგან შესაბამისი დისციპლინებიდან.
თითოეული განაცხადი შეფასდება სამეცნიერო ხარისხის, ორიგინალობის, მეთოდოლოგიური სიზუსტის და კონფერენციის თემებთან შესაბამისობის მიხედვით.
საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს კონფერენციის საერთაშორისო საბჭო. ავტორები მიიღებენ შეტყობინებას შედეგის შესახებ, რჩევებით ან რეკომენდაციებით გაუმჯობესებისთვის.