კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის “CUnicorn” მეხუთე ნაკადი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნითი ღონისძიების ფარგლებში შერჩეულმა გუნდებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი ინოვაციური იდეები და პროგრამასთან დაკავშირებული მოლოდინები წარუდგინეს. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრის პროგრამისთვის მიღებული განაცხადების საფუძველზე შერჩეულ იქნა 8 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებიც დაკომპლექტებულია კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და ეკონომიკის სკოლების სტუდენტებით, კურსდამთავრებულებითა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალით. შერჩევის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭათ იდეებს, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე გასვლის რეალური პოტენციალ აქვთ.
პროგრამაში მონაწილე სტარტაპებია:
- News Tracker
- CashMate
- GreenPoint
- Vita
- BalanceBuddy
- Tasi
- Shieldify
- EcoShade
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn ხელს უწყობს ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების წახალისებასა და მათ პრაქტიკულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით, საკუთარი იდეები გარდაქმნან სიცოცხლისუნარიან პროდუქტებად, განავითარონ ბიზნეს-მოდელები და მოემზადონ საინვესტივიო წინადადების შეთავაზების წარდგენისთვის.
მეხუთე ნაკადის ფარგლებში, მენტორებს შეემატებიან საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები, მონაწილე გუნდებს კი საშუალება ექნებათ შეხვდნენ ანგელოზ ინვესტორებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და მიიღონ ღირებული რჩევები.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია კომპანია ბაუმერი, რომელიც უკვე მე-12 წელია უზრუნველყოფს მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობის საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას.