აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველწლიური დახურული მიღება

19 დეკემბერი 2022

19 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველწლიურ დახურულ მიღებას უმასპინძლა.

 

მიღების მიზანი იყო სამთავრობო უწყებების,  საერთაშორისო პარტნიორებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის სამინისტროს მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ეკა ხოფერიამ ისაუბრა აფხაზეთის საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე, საერთაშორისო საგრანტო პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

მიღებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად მხარს უჭერს როგორც ნებისმიერ აქტივობას რომელიც აფხაზეთის თუ აფხაზი ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება, ასევე თავადაც არის ინიციატორი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ამ მიმართულებით.

 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“; აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის  სახელმწიფო საგუნდო კაპელა; “PianoMan”-Gigi Wonder.