კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ასოციაციის - RIBA-ის - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

19 სექტემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.  

 

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა საქართველოში არის პირველი და ერთადერთი, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მიიღო. 

 

RIBA-ის წევრობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას, მის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანიჭებს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა დიპლომი უმაღლესი ხარისხის ნიშნით, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება, წვდომა RIBA-ის სტუდენტურ პრემიებსა და პრეზიდენტის მედალზე, შესაძლებლობას რომ მიიღონ RIBA-ის სტუდენტური ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ფულად მხარდაჭერას. ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის არქიტექტურულ ლიტერატურაზე წვდომას, RIBA-ის კონკურსებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ახალი ნორმებისა თუ რეგულაციების შესახებ მუდმივ ინფორმირებას, რადგან RIBA არის არქიტექტურის თანამედროვე ფასეულობებისა და ღირებულებების გარანტი.

 

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტი (RIBA) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციაა, რომელიც 1834 წელს დაარსდა. ინსტიტუტი მართავს მსოფლიოს უძველეს არქიტექტურულ ჯილდოებს, მათ შორისაა სამეფო ოქროს მედალი, რომელიც მტკიცდება პირადად დიდი ბრიტანეთის სამეფოს მიერ და გადაეცემა იმ არქიტექტორს ან არქიტექტორთა ჯგუფს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს არქიტექტურის განვითარებაზე.

 

RIBA ასევე მართავს RIBA international Award-ს, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ ასოციაციის წევრებს შეუძლიათ. ჯილდოს მოპოვება იძლევა საერთაშორისო აღიარების საშუალებას და შუქდება RIBA-ის მხარდამჭერი ისეთი მედია საშუალებებით, როგორიცაა CNN, Archdaily, Wallpaper და სხვა.

 

ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) წევრები არიან ისეთი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტები, როგორებიცაა: University of Cambridge Department of Architecture; The University of Edinburgh, Edinburgh School of Architecture and Landscape Architecture (ESALA); The London School of Architecture; Denmark Aarhus School of Architecture.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა, რომელმაც ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიიღო, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი მე-11 სკოლის - კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის - ერთ-ერთი პროგრამაა. 

 

ვრცლად RIBA-ის და მისი წევრი უნივერსიტეტების, პროგრამების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.