კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, წარმოშობით ქართველმა არგენტინელმა ხელოვანმა გოჩა გაიოსი (შათირიშვილმა) თავისი 2 ნამუშევარი საჩუქრად გადასცა კავკასიის უნივერსიტეტსა და მის პრეზიდენტს.
2013 წელს, არგენტინაში, ბუენოს-აირესში, ქართველი მკვლევრების ყოფნისას, გოჩა გაიოსმა გაიცნო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. ცოტა ხნის წინ, საქართველოში მოკლე ვიზიტით ყოფნისას, პროფ. მარიამ მანჯგალაძის მოწვევით, იგი სტუმრად იმყოფებოდა კავკასიის უნივერსიტეტში და მიიღო გადაწყვეტილება - პატივისცემის ნიშნად, თავისი ნამუშევრები გადაეცა CU-ის პრეზიდენტისთვის.
გოჩა გაიოსი (შათირიშვილი) წარმოშობით ქართველი არგენტინელი ხელოვანია. მან ოთხმოცდაათიან წლებში, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში დაიცვა ჯერ სამაგისტრო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ცნობებს საქართველოს შესახებ მეცხრამეტე საუკუნის პოლონურ ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ქართველოლოგი, პროფ. იან ბრაუნი). 1995 წლიდან გოჩა გაიოსი არგენტინაში გადადის საცხოვრებლად, ხოლო 1999 წლიდან იგი ცნობილ არგენტინელ სიურრეალისტ ხელოვანებთან იწყებს მეგობრობას და იღებს გადაწყვეტილებას, თავადაც ჰქონდეს გამორჩეული ხელწერა ამ მიმართულებით. მას უკვე არაერთი წარმატებული გამოფენა ჰქონდა შვეიცარიაში, ესპანეთში, საქართველოსა და არგენტინაში.