პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში ბოლო ტრენინგი ჩატარდა

16 ივლისი 2022

14 ივლისს, მსოფლიოს წამყვანი ბასკეთის კულინარიის შეფ-მზარეულებმა, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში, მოქმედი მზარეულებისთვის ბოლო ტრენინგი ჩაატარეს.

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია ბაზარი ორბელიანზე არსებული გასტრო სკოლა.

 

ტრენინგები ორი მიმართულებით ჩატარდა:

 

კრეატიულობა და სერვირება -  რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ კრეატიულობის იმ მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა - მონაწილეები გაეცნენ გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, „ახალი ინგრედიენტების“ გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.

  

აღნიშნული ტრენინგები 11-დან 14 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 16 მოქმედი მზარეული იღებდა, რომლებსაც სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ფრანგული კულინარიის საბაზისო დონეზე ცოდნა და სამზარეულოს მართვის გამოცდილება ჰქონდათ.

 

ტრენინგების ბოლო ეტაპზე, შეირჩევა ოთხი შეფი-ტრენერი, რომლებიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებენ ანალოგიურ ტრენინგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.