7-11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, California Baptist University (CBU)-ს ვიცე პრეზიდენტს, ლარრი ლინემანს (Larry Linamen) უმასპინძლა.
დოქტორი ლინემანის ვიზიტის მთავარ მიზანს, უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეები შეთანხმდნენ სტუდენტთა გაცვლის, აგრეთვე ერთობლივი მოკლევადიანი სტუდენტური და კვლევითი პროექტების განვითარებაზე, ამასთან მხარეებმა ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
დოქტორი ლინემანის ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტთა გაცვლის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, მედიის, განათლების, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური სემესტრი/წელი გაატარონ ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის, ტურიზმის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანები.
California Baptist University (CBU) გამოირჩევა პროგრამების მრავალფეროვნებით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 150 საბაკალავრო, 45 სამაგისტრო და 7 სადოქტორო პროგრამას. ინტერნაციონალიზაცია CBU-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნულის წარმატებით უზრუნველსაყოფად კი 72 ქვეყნის საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს, ამასთან, არაერთ ევროპისა და აზიის უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გამოქვეყნებული რეიტინგების თანახმად, CBU ამერიკაში 5 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის დასახელდა კამპუსის ინფრასტრუქტურით.