კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ლიეტუვაში

29 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტებს ხატია გოგლიძესა და ირენა მელუას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ რიმვიდას პეტრაუსკასმა უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტში.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების/პროექტების დაწყების ინიციატივას.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან იწყება და თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტთა გაცვლას სხვადასხვა პროგრამებზე, აგრეთვე სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად ავითარებს როგორც ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე სტრატეგიულ ურთიერთობებს უკვე არსებულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან.