კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც ერთადერთი ქართული კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ოფიციალურად შეუერთდა ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის კონსორციუმს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აძლიერებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს და მის პოზიციონირებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
კონსორციუმში გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას კონსორციუმის წევრ ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის: რენის უნივერსიტეტი, რენის გამოყენებითი მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტი (INSA Rennes), რენის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (Sciences Po Rennes), საჯარო ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა (EHESP), ლუმიერის უნივერსიტეტი ლიონი 2, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ფრანგულ-ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავების ხელშეწყობასა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას. კავკასიის უნივერსიტეტი კი, როგორც ერთადერთი კერძო უნივერსიტეტი, ექსკლუზიურად შეუერთდა კონსორციუმს, როგორც საფრანგეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი.
CU 20 წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების მიმართულებით, ასევე ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, განავითარონ პროფესიული და აკადემიური უნარები და გააფართოონ გლობალური ქსელი.