16-17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, წარმატებით უმასპინძლა Erasmus+ ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის, PRODIGE (ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში), ჰიბრიდულ გახსნით შეხვედრას.
პროექტის კოორდინატორია EFMD (ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდი), რომელთანაც კავკასიის უნივერსიტეტს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პარტნიორი ქართული და ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა.
PRODIGE პროექტი ორიენტირებულია რამდენიმე მთავარ მიზანზე: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და რეფორმებში, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და საქართველოს უნივერსიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული სწავლების, სწავლისა და შეფასების პრაქტიკის დანერგვაში. ეს ძალისხმევა გადამწყვეტია საქართველოში თანამედროვე და ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი კახა შენგელია და EFMD-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი, დოქტორი კრისტოფ ტერასი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საერთო ხედვას. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიზნები და სამომავლო აქტივობები, რაც მტკიცე საფუძველს ქმნის პროექტის წარმატებისთვის.
PRODIGE-ის გახსნითმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო პარტნიორობის ძალა და საქართველოსა და ევროპული ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევა ციფრული განათლების გაუმჯობესების მიმართულებით. შემდეგი ეტაპები მოიცავს სპეციალიზებულ ტრენინგებს და თანამშრომლობის ინიციატივებს, რომლებიც 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოში.
კონსორციუმის წევრი ინსტიტუციებია: კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ასოცირებული პარტნიორი - საქართველოს სტუდენტური ასოციაცია, ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ნამურის, ლიეჟისა და ლუქსემბურგის უმაღლესი სკოლა, ბელგია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი, ალგებრას უნივერსიტეტი, ხორვატია და დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი, ესპანეთი. ამ მრავალფეროვანი და დინამიური კონსორციუმის მიზანია ციფრული განათლების სისტემების გაუმჯობესება საქართველოში.