CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, წიგნის „საქართველოს ისტორიის“ პრეზენტაცია ირანში

10 მაისი 2025

ირანის ეროვნული არქივისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ირანში, გაიმართა CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ავტორობით გამოცემული წიგნის „საქართველოს ისტორია“ ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც სპარსულ ენაზე ითარგმნა.

 

ღონისძიება გახსნა ირანის ეროვნული არქივისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, დოქტორ ღოლამრეზა ამირხანიმ, რომელიც მიესალმა სტუმრებს, ხაზგასმით აღნიშნა წიგნის გამოცემის მნიშვნელობა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და აკადემიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

 

წიგნი სპარსულ ენაზე ითარგმნა ბატონ ჰოსეინ მიქელანის მიერ, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის ირანელ მკითხველთან უკეთ გაცნობაში.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, კულტურის სფეროს სპეციალისტები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მთარგმნელს და ირანულ მხარეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ეს თარგმანი ხელს შეუწყობს საქართველო-ირანს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. ღონისძიების დასასრულს CU-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა წიგნის სპეციალურ ასლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

 

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ირანში მცხოვრები ქართულენოვანი საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა წვეულება და წიგნის ავტოგრაფ სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თეირანში მცხოვრებმა ქართველებმა. საღამო გაიმართა სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროში, ქართული ტრადიციების შესაბამისად, ღონისძიების ბოლოს სიმბოლურად გაიჭრა სადღესასწაულო ნამცხვარი.