კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ხათუნა ბურკაძე პირველი ქართველი ქალი მეცნიერია, რომელმაც „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სტიპენდიის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში, ხელოვნური ინტელექტის როლი იკვლია.
პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ შეისწავლა ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული გავლენა თავდაცვის თანამედროვე სისტემებზე, რაც სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების მახასიათებლებს მომავალში კიდევ უფრო მეტად შეცვლის.
პრაქტიკული თვალსაზრისით ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს, რომ “AI-ის ინტეგრაცია თავდაცვის სისტემებში რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას მოიცავს: (1) ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ გააერთიანონ დიდი და მრავალფეროვანი მონაცემთა წყაროები და პროგნოზირებადი ანალიტიკით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გააუმჯობესონ ყველა დონეზე. (2) AI-ით აღჭურვილი სისტემების დანერგვა, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების შეგროვების მიზნით, აფართოებს შესაძლებლობების წრეს. ეს აჩქარებს ოპერაციების განხორციელების ტემპს და უზრუნველყოფს რესურსების სათანადოდ განაწილებას. (3) ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს სიტუაციურ ანალიზსა და მართვის პროცესის ეფექტიანობას, დროულობას. ეს ამცირებს არასწორი შეფასებების რისკს. (4) ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ოპერაციებში განაპირობებს სტრატეგიული ფუნქციების დროულ შესრულებას მიუხედავად გეოგრაფიული და სხვა ტიპის სირთულეებისა.”
„საბოლოო ჯამში, ციფრულ ტექნოლოგიებში უპირატესობა ომის შედეგების განსაზღვრაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
