14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, მთავრობის წარმომადგენლები, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და სხვა მოწვეული სტუმრები, რომლებმაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე CU კამპუსის ეზოში, ქართული ანბანის ბაღი გაიხსნა.
კავკასიის უნივერსიტეტმა დააწესა ჯილდო - „ქართული ენის ქომაგი“, რომელიც წელს პირველად აკადემიკოს მზექალა შანიძეს გადაეცა, უნივერსიტეტის კამპუსში გაიხსნა მისი სახელობის აუდიტორია. ღონისძიებაზე იაკობ გოგებაშვილის დედაენის უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ქართული ენის დღეების ფარგლებში ჩატარებულ ესეის კონკურსში გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სასწავლო ვაუჩერები გადასცა, ხოლო კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ. ორივე კონკურსის მონაწილე საუკეთესო ნაშრომის 2 ავტორს, ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით, საჩუქრები გადასცა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ანდრიუს კალინდრამ.
ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში 30 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, CU კამპუსში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საჯარო ლექციები და კონკურსები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- საქართველოს საელჩო ლიეტუვაში
- ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი