წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

16 თებერვალი 2017

16 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია თანამედროვე ავტორი ნინო თარხნიშვილი და წაიკითხა მინიატურები "ნინო's NOTES."

 

გთავაზობთ წინასიტყვაობას წიგნიდან:

 

"ნინო თარხნიშვილი სოციალურ პროზას წერს, დოკუმენტური ფონითა და ნატურალიზმით სავსეს, სულ სხვა, ყველაზე მწარე კუთხიდან რომ დაგანახებს შენს ეპოქაში, შენს ქალაქში, შენ გვერდით თუ ათასობით კილომეტრს იქით მომხდარ მოვლენებს, რომლებსაც, როგორც წესი, „ნიუსებიდანეცნობი ხოლმე. ამ წიგნში თავისუფლებაზე წერია. ადამიანის მთავარ ღირებულებაზე ცხოვრებაში, შინაგან თავისუფლებაზე. თავისუფლებაზე, არჩევანის თავისუფლებაზე. იყო ისეთი როგორიც ხარ, ან იყო ისეთი, როგორიც გინდა რომ იყო და შენ ამის უფლება გაქვს და ამ უფლებას არასდროს, არავინ არ უნდა გართმევდეს. და მთავარი, ამ წიგნში ქალებზე წერია, რომლებსაც ხანდახან ჰგონიათ, რომ მშიშრები არიან, სუსტები, მარტოები, ჰგონიათ, ფეხი რომ გადაუბრუნდეთ, არავინ წამოაყენებს, მეტიც, შეიძლება მოკლან კიდეც. ამ წიგნში ისიც წერია, რომ ეს ასე არ არის. რომ გოგოები, ქალები არ არიან სუსტები, მშიშრები, რომ მათ შეუძლიათ იბრძოლონ თავიანთი თავებისთვის, თავიანთი შვილებისთვის, სიყვარულისთვის, განათლებისთვის, ქვეყნისთვის, მათ შეუძლიათ იბრძოლონ მშვიდობისთვის, საკუთარი სიცოცხლის ფასად."

 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სოციალური კამპანიით შეუერთდა კავკასიის უნივერსიტეტიც და გამოწვევაში "რას ნიშნავს თქვენთვის წიგნი" საკმაო პოპულარობით სარგებლობდა სოციალურ ქსელებში. #CUreadaloud2017