კავკასიის უნივერსიტეტი NIBES-ის რიგით 26-ე ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

25 ივლისი 2022

25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (NIBES) რიგით 26-ე ყოველწლიური კონფერენცია უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ოფიციალურად გახსნა. 

 

კონფერენციის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი ასოციაციის წევრ ბიზნესისა და ეკონომიკის წამყვანი სკოლების დეკანებს და სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ესპანეთი, დანია, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვენია, თურქეთი.

 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი, რომლებმაც ორგანიზაციაში წევრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საგულისხმოა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიღწევებსა და მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის (ბუბა) ლეჟავამ და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ.

 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ განათლებისა და მეცნიერების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნინო წერეთლისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ფარჯანაძისგან.

 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს, აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები.

 

"NIBES"-ი საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც  ამჟამად 20 ქვეყნის 20 ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური გაცვლის, კვლევებისა თუ ერთობლივი აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა ნიბესის წევრის სტატუსი 2007 წელს, ჰიროსიმაში გამართულ მე-11 წლიურ შეხვედრაზე მოიპოვა და ერთადერთი ქართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა ორგანიზაციაში.