კავკასიის უნივერსიტეტს, 28 ივნისიდან - 6 ივლისამდე, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, ტურიზმისა და მასპინძლობის ფაკულტეტიდან სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, 30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კავკასიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია, რომელმაც პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიისა და მიღწევების შესახებ.
პროგრამის მსვლელობისას, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებს პირველ დღეს ჩაუტარდათ კავკასიის ტურიზმის სკოლის მიერ დაორგანიზებული ლექცია თემაზე: „საქართველოს გეოგრაფია და ისტორია“, რომელსაც გაუძღვა ამავე სკოლის ლექტორი ლალი ოქროშიძე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ესტუმრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ადგილზე განახორციელებენ კვლევას.
შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა, რამაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა უშუალოდ გასცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და გარემოს.
იოჰანესბურგის უნივერსიტეტი ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რეგიონში. მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერას უნივერსიტეტებს შორის.